მედიის განვითარების ფონდმა ახალი მედია საშუალება გამოავლინა, რომელიც რუსეთთან პირდაპირ ან ირიბად არის დაკავშირებული. საუბარია მედია საშუალება - სივრცეებზე (Spacesnews), რომლის სარედაქციო პოლიტიკა გარკვეულწილად ჰიბრიდულია.
MDF-ს ცნობით, ხელისუფლების მიერ დაფინანსებულ ინფორმაციასთან და სახელისუფლებო ექსპერტებთან ერთად, აქ გადაცემის წამყვანად კრემლთან დაკავშირებულ მედია პროექტის პოლიტიკანოს ავტორსაც (გიორგი მდივანი) ვხვდებით, ხოლო გამოცემის გზავნილები შერეულია. მათ შორის გამოიყენება მცდარი დილემის ტექნიკა, რომელიც მართლმადიდებლობის დამცველ რუსეთს სუვერენიტეტის ხელმყოფ დასავლეთს უპირისპირებს.
Facebook-გვერდი პოლიტიკანო ევგენი პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსულ საზოგადოებრივ ცენტრთან დაკავშირებული მედიუმია. თავის მხმრივ, პრიმაკოვის ცენტრი კი გორჩაკოვის ფონდმა დააარსა, რომელიც რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის ბრძანებით საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის მხარდამჭერით შეიქმნა.
პოლიტიკანო ასევე უარყოფს 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში რუსეთის პასუხისმგებლობას. გვერდი ხშირად ავრცელებს ანტიდასავლურ ნარატივს, რომლის მიხედვითაც, რუსეთის გარდა საქართველოს ტერიტორიები სხვა ქვეყნების მიერაც არის ოკუპირებული.
ამასთან, ISFED-ის 2021 წლის კვლევის თანახმად, სივრცეები კრემლისტურ ნიუს-ფრონტთან არის დაკავშირებული. გარდა ნიუსფრანტისა, MDF-ის 2019 წლის კვლევაც და შემდგომი დაკვირვებაც აჩვენებს გარკვეულ კოორდინაციას კრემლისტურ პოლიტიკანოს, საქართველო და მსოფლიოს, ახალგაზრდა ევრაზიულ კავშირსა და ევრაზიული ინსტიტუტს შორის.
საბიუჯეტო კონტრაქტები
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ ბაზაში ხელმისაწვდომი მონაცემების მიხედვით, spnews.io-სთან 2020-2021 წლებში საბიუჯეტო ორგანიზაციებმა სარეკლამო და საინფორმაციო მომსახურების მიზნით, ჯამში 43 849.75 ლარის ღირებულების მომსახურების კონტრაქტი გაუფორმეს.
2020 წელს აღნიშნულ ონლაინ გამოცემასთან ჭიათურისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებმა, ადიგენის კულტურის ცენტრმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ, ბოლნისის სპორტულ გამაჯანსაღებელმა კომპლექსმა და საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 34 047,75 ლარის, ხოლო 2021 წელს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა დელტა, გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ, ა(ა)იპ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მელიორაციამ 9 800 ლარის ღირებულების ხელშეკრულება დადეს.
ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ონლაინ სააგენტოებთან გაფორმებული საინფორმაციო მომსახურების ხელშეკრულებები მასალების სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსების გარდა, ინფორმაციის შემდეგ საინფორმაციო სააგენტოების ვებ-გვერდებზე: Spnews.io, Newspress.ge, Region.georgia, For.ge, Unipress.ge, Ncp.ge გავრცელების ვალდებულებასაც ითვალისწინებდა.
ონლაინ მედია სფეისნიუსის ვებ-საიტი spnews.io 2019 წლის 9 ივლისს არის რეგისტრირებული. ვებს "ჩვენ შესახებ" განყოფილება არ აქვს და ინფორმაცია გამოცემის შესახებ ხელმისაწვდომი არ არის. გამოცემის Facebook-გვერდი Spacesnews • სივრცეები, რომელიც უთითებს, რომ მულტიმედიური საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალია, 2019 წლის 12 ივლისსაა შექმნილი.
შპს სივრცეები 2019 წლის 5 ივნისს დარეგისტრირდა და გამოცემის 100%-იანი წლის მფლობელი თამარ ჯოჯუაა, რომელიც ISFED-ის კვლევის მიხედვით, კომპანია ბადაგონის დამფუძნებლის, გიორგი სალაყაიას, მეუღლეა. შპს სივრცეებთან დადებული ხელშეკრულებების მიხედვით კი დგინდება, რომ დირექტორის მოვალეობას ეკა ვეფხვაძე ასრულებს.
სფეისნიუსის Facebook-გვერდი 16 Facebook ჯგუფთან არის დაკავშირებული.
ამ ჯგუფებს შორისაა პროპაგანდა არანორმალური პროპაგანდის წინააღმდეგ, რომელსაც წარსულში პატრიოტთა ალიანსთან დაკავშირებული, ასევე კრემლისტური საქართველოს და მსოფლიოს ავტორი ბაკურ სვანიძე მართავს და საქართველო და რუსეთი/Грузия и Россия, რომლის ადმინისტრატორიც Patrioti TV-ის დამფუძნებელი გიორგი ირემაძეა.